პოლიციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავა
პოლიციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავა. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი. საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
