გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს აღიარებს
გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს აღიარებს - ეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილიდან ირკვევა. გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან ვარვეგმა, საგარეო უწყების პრეს-სპიკერს სებასტიან ფიშერს განმარტება სთხოვა იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნევს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს და რატომ არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მოძველებული ინფორმაცია განთავსებული იმის თაობაზე, რომ საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა და პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ჟურნალისტმა ასევე განავრცო, რომ ამ საკითხზე მთავრობის ოფიციალური პოზიცია გამოითხოვა გერმანიის მემარცხენე პარტიამაც, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 16 იანვარს ოფიციალური წერილით განმარტა, რომ „2024 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდა 2024 წლის 14 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგად არჩეული კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია“. საბოლოოდ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული პოზიცია უცვლელია, ხოლო ვებ-გვერდი როგორც ჩანს, ჯერ უახლესი ინფორმაციით არ განახლებულა.
