ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა
ეუთოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთოს ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და სხდომის დამსწრეებს, ვენის მექანიზმის ფარგლებში გამოგზავნილ კითხვებზე ქართული მხარის ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე მაისურაძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს შესაბამისი ინსტიტუტების მონაწილეობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოწვევით, პროცესს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. მან დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, შეასრულოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები, ეუთოს ინსტიტუტებთან და მონაწილე სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, საქართველო ვალდებულებების ერთგული რჩება - შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი ეუთოს მუშაობაში საერთაშორისო სამართლის დაცვის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში.
