ეუთოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთოს ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა
ეუთოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთოს ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და სხდომის დამსწრეებს, ვენის მექანიზმის ფარგლებში გამოგზავნილ კითხვებზე ქართული მხარის ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე მაისურაძემ ასევე ისაუბრა ეუთოს შესაბამისი ინსტიტუტების მონაწილეობაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესში. კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოწვევით, არჩევნების პროცესს ეუთო/ოდირის, ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მან დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, შეასრულოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები, ეუთოს ინსტიტუტებთან და მონაწილე სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, საქართველო ვალდებულებების ერთგული რჩება შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი ეუთოს მუშაობაში საერთაშორისო სამართლის დაცვისა და მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში.
