დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება და ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა. აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას.
