დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან გაყიდული 995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა
დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაყიდული 995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. ზუგდიდის მერიასა და შპს „ლაზეთი გრუპს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის სოციალურ-კულტურული ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ყოფილი ამფითეატრი კვლავ ქალაქის საკუთრებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, ამავე პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მოგვიანებით კი პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავამ შეიძინა. შემდგომში ქარდავამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გია უბირიაზე გაასხვისა, უბირიასგან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2020 წელს შპს „ლაზეთი გრუპმა“ შეიძინა.
