გავლენიანი ბრიტანული გამოცემა საქართველოში ეკონომიკასა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე სტატიას აქვეყნებს
საქართველო როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს დინამიურ და მიმზიდველ, შესაძლებლობებით მდიდარ გარემოს სთავაზობს - გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "ქეფითალ ფაინენს ინთერნეიშენელი" ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკასა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ტრანსფორმაციას განიცდის. საუბარია კოვიდ-პანდემიის შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეც, რომელმაც საშუალოდ წლიურად 9 მთელი 8 მეათედი პროცენტი შეადგინა. ეს კი როგორც სტატიაშია ნათქვამი, ტურიზმმა, ექსპორტმა და უცხოურმა ინვესტიციებმა განაპირობეს. ბრიტანული გამოცემა წერს, საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე ფინანსურ სტაბილურობაში და მონეტარულ პოლიტიკას ეფექტიანს უწოდებს. ქვესათაურით - გზა რეგიონის ლიდერობისკენ - გამოყოფილ ნაწილში გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო მიზნად ისახავს გააძლიეროს მისი, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის პოზიციები. სტატიაში ასევე საუბარია სამომავლო შესაძლებლობებზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანა სხვადასხვა სექტორში მრავალ შესაძლებლობას ქმნის.
