სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განცხადება
ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის საპასუხოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 12 იანვარს ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ინფორმაციის მიღების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შეხვდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, თუმცა მზია ამაღლობელმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე. 15 იანვარს მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი კვლავ შეხვდა მზია ამაღლობელს და მასთან შედგა გასაუბრება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, დაიგეგმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელის ტანსაცმლის ამოღება, თუმცა მან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დღეს, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, მასთან კვლავ გამოცხადდა გამომძიებელი. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოსათხოვად გაგზავნილია მოთხოვნა 112-ში. საქმეზე მიმდინარეობს მზია ამაღლობელთან შეხების მქონე სამართალდამცველების გამოკითხვა“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
