ხვიჩა კვარაცხელია „პე სე ჟეს“ ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია „პე სე ჟეს“ ფეხბურთელია. ქართველმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა და ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით ერგება. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად ხვიჩა კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიამ გუნდის ოფიციალურ გვერდთან განაცხადა რომ „პარიზში ყოფნით ბედნიერია და საკუთარ მაქსიმუმს გააკეთებს.“ ხვიჩაზე ასევე ისაუბრა კლუბის პრეზიდენტმა.
