ბაქოში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს
ბაქოში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს, საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს.
