ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მშვიდობის პუტინისეული გეგმა მდგრადი მშვიდობის მომტანი არ არის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მშვიდობის პუტინისეული გეგმა მდგრადი მშვიდობის მომტანი არ არის. ენტონი ბლინკენმა და ლოიდ ოსტინმა ნიუ იორკ ტაიმსში ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს. სტატიაში ბაიდენის ადმინისტრაციის 2 მინისტრი შტატების მომავალ ლიდერსა და მის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ, მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში ნაადრევი ცეცხლის შეწყვეტა პუტინის არმიას ძალების მოკრების საშუალებას მისცემს. ბლინკენი და ოსტინი წერენ, რომ უკრაინის გადასარჩენად და ამერიკის უსაფრთხოებისთვის საჭიროა ძალაზე დაფუძნებული მშვიდობის პოლიტიკის გატარება. მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ და გააძლიერონ კიევის პოზიციები მოლაპარაკებების დასაწყებად, იმ პროცესისთვის, რომელიც პუტინის აგრესიულ ომს ოდესმე დაასრულებს.
