გვიან ღამით აფეთქება მოხდა თბილისში
გვიან ღამით აფეთქება მოხდა თბილისში. გორგასლის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, გარდაცვლილია ერთი ხანდაზმული მამაკაცი. ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი 25 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის შენობა, მოსახლეობა დროებით სასტუმროებშია გადაყვანილი. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. შემთხვევის ადგილზე გუშინ ღამით ჯანდაცვის მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. მათ დაზარალებულები საავადმყოფოშიც მოინახულეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
