თბილისში, გორგასლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
გვიან ღამით აფეთქება მოხდა თბილისში. გორგასლის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, გარდაცვლილია ერთი ხანდაზმული მამაკაცი. განსაკუთრებით მძიმეა ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანილი საშუალო ასაკის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის შენობა, მოსახლეობა დროებით სასტუმროებშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე გუშინ ღამით ჯანდაცვის მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. მათ დაზარალებულები საავადმყოფოშიც მოინახულეს.