პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.
