სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ,პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერმა კახა კალაძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მიაგეს. დაკრძალვის ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გიორგი ლელაშვილი 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა
