შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს და მანქანა დააჯახეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მიზეზის დასადგენად სამართალდამცველებმა დაათვალიერეს მიმდებარე ტერიტორია. შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტოსატრანსპორტო საშუალება მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა, სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება ითხოვა. სამართალდამცველებმა მძღოლს ჰკითხეს, ხომ არ ვარაუდობდა, რომ ავტომობილი შესაძლოა ვინმეს განზრახ დაეზიანებინა, თუმცა მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაზიანებული. მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.
