შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება. გარდა ამისა, ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი, თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო, რასაც სამინისტროს განცხადებით მოწმობს კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, იმას, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. უწყების ცნობით, პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ძალოვანი უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები. რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებს, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.
