შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება. ძალოვანი უწყების ცნობით, ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და ემსახურება სამართალდამცველების დისკრედიტაციას. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. თუმცა, საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
