შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყნის ძალისხმევა სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რომელიც მათ შორის გამოიხატა ახალი სისტემების დანერგვასა და სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობაში. ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24-საათიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით. ანგარიშში ასევე დადებითად არის შეფასებული სასაზღვრო პოლიციის მიერ ახალი მობილური დაკვირვების სისტემის დანერგვა, რომელიც შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა და ხელი შეუწყო მწვანე საზღვარზე დაკვირვებისა და გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, რაც მოიცავს მოპარულ და დაკარგულ სამგზავრო დოკუმენტებს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით.