საქართველო - გაერთიანებული სამეფო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ესაუბრა. სტივენ დაუთისთან მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გულისტკივილი გამოხატა სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადების და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები უახლოეს მომავალში განახლდება. მინისტრის თქმითვე, მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებსა და ოპოზიციის პოლიტიკურ სპეკულაციებზე, დისკუსიის საგანი იყო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები. ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე
