სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება
სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება. „პრაიმ ტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილს, სოფო ჭყონიასა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მფლობელ ვატო წერეთელს შორის ფინანსური დავის შესახებ. ბიზნესმენთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, სოფო ჭყონიამ ვატო წერეთელს, „ტვ პირველში“ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 2021 წელს სამჯერ ასესხა თანხა: თავდაპირველად 400 000 ლარი, შემდეგ 55 000 დოლარი, ამის შემდეგ კი 60 000 ლარი, თუმცა, წერეთელმა ვალი არ დააბრუნა, რის შესახებაც სოფო ჭყონიამ, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს აცნობა და ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. სააგენტო წერს, რომ წყაროს თქმით, გარდა იმისა, რომ ვატო წერეთელი ვალს არ აბრუნებს, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა სოფო ჭყონიას. ფაქტის შესახებ საქმის კურსშია ბიზნესმენ თემურ ჭყონიაც, რომელმაც თავის მხრივ, ასევე მიმართა ავთანდილ წერეთელს. „ქრონიკა“ დაუკავშირდა სოფო ჭყონიას ადვოკატს, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ვატო წერეთელი.
