სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა დიდი ნაწილიც ამოღებულია. ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კი გამოიკითხა ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ ისურვა წყაროს დასახელება.
