„ქრონიკა“ ესაუბრა ბათუმში ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულს
„ქრონიკა“ ესაუბრა ბათუმში ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულს. საუბარია სამ დეკემბერს, ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტზე, სადაც გამოძიების ინფორმაციით, დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად ორ ადამიანს სცემეს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული - ირაკლი დევაძე აცხადებს, მისი ინტერესი არ არის სტუდენტების დასჯა, ვინაიდან მისივე თქმით, უნივერსიტეტის დეკანმა - მამუკა ჯორბენაძემ სტუდენტები პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. დევაძე ასევე ამბობს, რომ მომხდარ ფაქტამდე ჯორბენაძემ მის მეუღლეს ცრუ ბრალდებით - თითქოს ის უნივერსიტეტში გამოკრულ საპროტესტო ბანერებს აზიანებდა, შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარ ფაქტზე ხუთ ადამიანს, ბრალი გუშინ წარედგინა. ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც მუსიკოსია და რომლის პატიმრობასაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ახლო წარსულში გამოძიება ანალოგიურ ქმედებას ედავებოდა. წარსულში აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით ის უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და მძიმე დაზიანება მიაყენა.
