„მელოგრანოში“ ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა
„მელოგრანოში“ ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. გიორგი ვაშაძემ, თეონა აქუბარდიამ, პაატა მანჯგალაძემ, ზურა გირჩი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. აღიარებენ, რომ ბრძოლაში დამარცხდნენ. "ქრონიკის" ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ხალხი უნდა გააბრაზონ. ქართული ოცნების მთავარ გზავნილს „არა ომს“ უნდა დაუპირისპირონ აქციაზე გადაღებული ვიდეოები და უნდა თქვან, რომ ეს არის სამოქალაქო ომი. საუბარი იყო "მონა.ჯის" ალტერნატიულ პლატფორმაზეც, სადაც პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების სიას გამოაქვეყნებენ. მათზე კი, ვინც პეტიციას არ მოაწერა ხელი, წნეხი უნდა გაძლიერდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ დაგმობენ, პოსტს დაწერენ და პეტიციას მოაწერენ ხელს, სიიდან ამოიღებენ. მათ შორის ზემოქმედების კონტექსტში ითქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებთან ერთად ჭიქაც არ უნდა აწიონ. ოპოზიციის წევრები გაბრაზებულები არიან ევროპასა და ორბანზე. ქრონიკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა შეფუთავენ, თითქოს მთავარი მონაპოვარია ის, რომ რეზოლუციაში მოხსენიებულია არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართული ოცნება. ასევე თქვეს, რომ სქრინებმა კარგად იმუშავა და ხალხის გასაბრაზებლად ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაონ. ოპოზიციის მთავარი გზავნილი უნდა იყოს ახალი არჩევნები, შემდეგ პატიმრების გათავისუფლება და ხაზგასმა არალეგიტიმურობაზე. კაფეში გამართული დისკუსიის დროს თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ მიხაილ როთი აღარ გამოადგებათ, რადგან უკვე გაშავებულია. ამ შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ დაგეგმილი მესიჯბოქსი უცვლელად გაიმეორა, თუმცა გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ეს დეზინფორმაციაა.
