დონალდ ტრამპმა პარიზში ვოლოდიმერ ზელენსკისთან და ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის დროს ომის დაუყოვნებლივ დასრულება მოითხოვა
დონალდ ტრამპმა პარიზში ვოლოდიმერ ზელენსკისთან და ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის დროს ომის დაუყოვნებლივ დასრულება მოითხოვა. ინფორმაციას როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის მიხედვით, სამი ლიდერი ერთმანეთს პირისპირ 35 წუთი ელაპარაკებოდა. ისინი მშვიდობის დამყარების კონკრეტულ დეტალებს არ განიხილავდნენ, თუმცა ტრამპმა გაიმეორა, რომ სურს ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდეს და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს. როიტერის ცნობით, შეხვედრის დროს ვოლოდიმერ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ზელენსკი ფიქრობს, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება საკმარისი, ვინაიდან შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმებას დაარღვევს.
