სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებული უნდა იყოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად. უწყებაში აცხადებენ, რომ მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
