რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, თუ რა ვითარებაა ადგილზე. აქციის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. ამასთან ერთად, ჩამოხსნეს დემონსტრაციებისას დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები და საპროტესტო პლაკატებიც, რომლებიც მანამდე ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს. მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ განახლდა საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟიც, რომელიც, მერიის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. 28 ნოემბრიდან მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პრემიერმა განმარტა, რომ 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო მზად იქნება, გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა მოძალადეების დასჯა და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება.
