თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით, 5 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს, არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
