შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად მიმართავდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას. გარდა ამისა, უწყების ცნობით, ერთმა ბრალდებულმა პირველ დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. 4 დეკემბერს კი კიდევ ერთი დაკავებული თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს ხელკეტით თავს დაესხა სამართალდამცველს და თავის არეში დაზიანება მიაყენა.
