სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედია ომბუდსმენისგან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივი რეჟიმით განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, მათ შორის 5 ჟურნალისტი, 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. უწყების ცნობით, სამართალდამცველების გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება.
