ვითარება სამხრეთ კორეაში
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სეულის ქუჩებში სამხედრო ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის საქმიანობა უკვე შეაჩერეს და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ვეღარ შედიან. იონ სოკ იოლის განმარტებით, მისი ამ გადაწყვეტილების მიზანი ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალებისგან მომდინარე საფრთხის, ქვეყნის შიგნით ფხენიანის მომხრე ოპოზიციური ძალებისა და მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღმოფხვრაა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, მისი იმპიჩმენტის მცდელობით, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა და აჯანყების წაქეზებას ცდილობს. ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ეწინააღმდეგება როგორც სამხრეთ კორეის მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციაც. მათ განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას დაბლოკავენ.
