შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
აქციის მონაწილეების მხრიდან იყო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები. შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი, მათგან 13 -ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ძალოვანი უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა, ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 43 ადამიანი.
