პარლამენტის სამმა კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტის სამმა კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის კომიტეტებს საკუთარი გეგმები და ხედვები გააცნო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, სუვერენიტეტის განმტკიცება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა საგარეო მიმართულებით უწყების მომავალმა ხელმძღვანელმა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით საქართველოს ხელისუფლება ყველა მშვიდობიან ბერკეტს გამოიყენებს ქვეყნის დეოკუპაციისთვის და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების შემთხვევაში საქართველო მზად იყოს წევრობისთვის.
