სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს. საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელსა და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. სამსახური სიცრუეს უწოდებს ცნობას, თითქოს თირქიას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმასა და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამომძიებლის მხრიდან შედგა კომუნიკაცია მოქალაქე თირქიასთან შესული შეტყობინების საფუძველზე, რათა ის დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე მისულიყო. ლიზი თირქიამ სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი და განმარტა, რომ ტექსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა. გადამოწმების გარეშე, ლიზი თირქიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ტირაჟირება სცადა სალომე ზურაბიშვილმა.
