ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს, ამტკიცებს, რომ ის გაიქცა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს, ამტკიცებს, რომ ის გაიქცა. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ამჟამად რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. თავად დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს სამსახური კი აცხადებს, რომ ბჟანია არა სამხედრო ბაზაზე, არამედ სოფელ ტამიშშია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ეგრეთ წოდებული უშიშროების საბჭოს შეკრება სცადა, რათა საბჭოსთვის დე ფაქტო ადმინისტრაციული შენობების შტურმი დაევალებინა, თუმცა საბჭოს წევრები მას არ დაემორჩილნენ და შეკრება ვერ მოხერხდა. სოხუმში ვითარება გუშინ უკიდურესად დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსეთთან დადებული შეთანხმების გაუქმებას მოითხოვდნენ, რომელიც რუსეთის იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ეგრეთ წოდებულ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა სხდომა დღის წესრიგის არ დამტკიცების გამო ვერ შედგა. მომიტინგეები ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. გვიან ღამით ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს
