მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში 20-ე, ევროპაში კი 11-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვის მიხედვით, გამორჩეული შედეგი აჩვენა საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებითაც. შეფასების 100%-იანი სისტემით ჩვენმა ქვეყანამ 64%-ი აიღო და რეიტინგში სახელმწიფოთა შორის 30-ე, ევროპაში კი 14-ე ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე კანადამ, საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, პოლონეთმა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების, საკუთრების უფლების, საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობის კრიტერიუმებით. გარდა ამისა, მმართველობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61%-ი დაიმსახურა. ამ შეფასებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს.