2007 წლის 7 ნოემბრის უმძიმესი მოვლენებიდან 17 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის უმძიმესი მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ სამი დარბევა ერთ დღეს - აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე, რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“. ყველაფერი კი გამთენიისას, სამართალდამცველების მიერ მცირერიცხოვანი აქციის დარბევით დაიწყო. სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები და აკუსტიკური იარაღი. ცრემლსადენი გაზი გაუშვეს ქაშვეთის ეკლესიაში. აირმა შეაღწია პირველ საჯარო სკოლასა და პარლამენტშიც, სადაც მოქალაქეები თავს აფარებდნენ. აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, უკვე რიყის აქციის დარბევა დაიწყო. ნოემბრის მოვლენებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ აქციის დარბევა 7 ნოემბრამდე სამი დღით ადრე, სპეციალურ თათბირზე დაიგეგმა.
