ვიქტორ ორბანის ვიზიტი
ოფიციალურ განცხადებამდე გაიმართა ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. საუბრის თემა იყო საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვიქტორ ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. აღინიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტებისადმი უნგრეთის მხარდაჭერას. მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების საკითხები. ამ მიმართულებით აღინიშნა საინვესტიციო სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა. საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ იქსზე გამოეხმაურა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაწერა, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ხმა მისცა მშვიდობას და კეთილდღეობას.
