პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის აუდიენცია, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ვიქტორ ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. აღინიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტებისადმი უნგრეთის მხარდაჭერას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების საკითხები. ამ მიმართულებით აღინიშნა საინვესტიციო სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა. ისაუბრეს ტურიზმის სფეროზე, ასევე, ორი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს. ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.
