IPSOS-ის კვლევა
IPSOS-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. კვლევას ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. დიმიტრი გვრიტიშვილი შედარებას აკეთებს 2018 წლის მონაცემებთან და აღნიშნავს, რომ პროცენტული მაჩვენებლები ყველა მიმართულებით საგრძნობლად გაზრდილია. სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მოსახლეობის დადებითი შეფასება ათი პროცენტითაა მომატებული. მოქალაქეების ნდობის თვალსაზრისით კი მაჩვენებელი 16 პროცენტით გაიზარდა და 53 პროცენტს შეადგენს. სასამართლო მხარეებს თანასწორად ეპყრობა - ამ პუნქტში შეფასება 13 პროცენტით არის გაზრდილი. რაც შეეხება განხორციელებულ რეფორმებს, რომელსაც განვითარების თვალსაზრისით სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს, აქ მაჩვენებელი 16 პროცენტით გაიზარდა. საგრძნობლად არის მომატებული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიულ წრეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშიც. დიმიტრი გვრიტიშვილი წერს, რომ საქართველო ამ მაჩვენებლებით 142 ქვეყანაში პირველ ათეულშია, სინგაპურთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან ერთად. IPSOS-მა კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების მონაწილეობით ჩაატარა. 2 ათასი რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 14 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა