თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი ექსპონატი. გამოფენის გახსნაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ახალი შუამთის მონასტრის ისტორიას ასახავს. თელავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
