კოლექტიური აგენტურა - სხვადასხვა საარჩევნო ნომრით და ერთი ანტიქართული მიზნით - მამუკა მდინარაძის განცხადება
სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია - კოლექტიური აგენტურა, რომელიც გარე ძალების დავალებით მოქმედებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნებისმიერი მათგანისთვის მიცემული თითოეული ხმა არის ხიფათი ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის. მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალებს ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსით და ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს ხაზარაძისა და გახარიას წარსულზე. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გახარიამ საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მიზანმიმართულად მიაყენა ზიანი ხელისუფლების იმიჯს, რაც, მდინარაძის თქმით, ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივა იყო. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა კონკრეტული ფაქტები დაასახელა, თუ როგორ ასრულებდა და ასრულებს კოლექტიური აგენტურა პატრონების დავალებებს. დეპუტატი აცხადებს, რომ გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართველი საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასთვის გაშიფრული ნაციონალური მოძრაობა.
