„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ პროგრამის ფარგლებში, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა მეათე ნაკადის შეკრება მიმდინარეობს
„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ პროგრამის ფარგლებში, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა მეათე ნაკადის შეკრება მიმდინარეობს, რომელიც 30 სექტემბერს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მიმდინარე ნაკადში არიან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, შშმ პირები მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები. დღეს, მოხალისეთა მოსამზადებელ პროცესს დაესწრნენ ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები: ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი. მათ, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და სარეგისტრაციო ანკეტები შეავსეს. მოხალისეთა ორგანიზაცია -,,ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და ,,საქართველოს გენერალთა კლუბმა“ გასული წლის აპრილში დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველყოს მოტივირებულ მოქალაქეთა და ვეტერანთა გამოცდილების, მათი ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსისა და ახალგაზრდა თაობის პოტენციალის სისტემური ორგანიზება.