უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება
„კიევი იმედგაცრუებულია შვეიცარიის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს ჩინეთისა და ბრაზილიის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება“ - საგანგებო განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყება მოუწოდებს შვეიცარიას და ყველა ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს „სამშვიდობო ინიციატივებში“, რადგანაც ამით სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პროცესი გართულდება. ომის დასრულების გეგმა, რომელიც ბრაზილიამ და ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ წარმოადგინეს, საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს, თუმცა მასში საუბარი არ არის უკრაინიდან საოკუპაციო ძალების გაყვანაზე, ომის დამნაშავეების დასჯასა და უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდაზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შვეიცარია ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო ინიციატივას“ მხარს უჭერს.
