გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა
გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე ავიდა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 8 ადგილით დაწინაურდა. მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულშია, თურქეთის გარდა ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება და ერთპიროვნულად ლიდერობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორისაც. საქართველომ გამორჩეულად მაღალი შეფასებები მიიღო ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, „მთავრობის ეფექტიანობა“, „ბიზნეს გარემო“, „სამეწარმეო პოლიტიკა და კულტურა“, „შრომის პროდუქტიულობა“. უფრო კონკრეტულად, „მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 79,1% დაიმსახურა, უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ „ბიზნეს გარემოს“ გლობალურ რეიტინგში. შეფასების 100%-იანი სისტემით 86,1% დაიმსახურა და მსოფლიოში მე-8 ადგილზე გავიდა. „ბიზნეს გარემოს“ მიხედვით საქართველო დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას უსწრებს და ევროპის საუკეთესო სამეულშია დანიასთან და შვეიცარიასთან ერთად. საქართველოსათვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა სამეწარმეო პოლიტიკის და კულტურის ინდიკატორი, სადაც საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზე გავიდა და ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს. ყველაზე დიდ წარმატებას კი ქვეყანამ „შრომის პროდუქტიულობის“ ინდიკატორში მიაღწია. შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა