30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაჰყონ რეგიონში 30 დღე
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაჰყონ რეგიონში 30 დღე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის ტურიზმის, ხალხთაშორისი კონტაქტების, ბიზნეს კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით.
