სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს
სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს. მევენახეებს კი, რომლებსაც დღემდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს. მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, იმისთვის რომ 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში ვენახების ფართობი, ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა.
