„მიწისძვრა ფოლკსვაგენში - კრიზისი გერმანიისთვის“, ამ სათაურით სტატიას ბრიტანული „გარდიანი“ აქვეყნებს
„მიწისძვრა ფოლკსვაგენში - კრიზისი გერმანიისთვის“, ამ სათაურით სტატიას ბრიტანული „გარდიანი“ აქვეყნებს. პუბლიკაციაში საუბარია უმსხვილეს გერმანულ კომპანიაში არსებულ კრიზისზე, რის გამოც კომპანიის ხელმძღვანელობა ქარხნების დახურვისა და თანამშრომლების დათხოვნის საკითხს განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელობა კრიზისს ბაზრის არ არსებობითა და გაყიდვების შემცირებით ხსნის. ზომები, რომელთა მიღებასაც, ხარჯების დაზოგვის მიზნით „ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელობა აპირებს, კომპანიაში დასაქმებულ ათასობით ადამიანს შეეხება, რასაც ისინი ხმაურიანი აქციებით აპროტესტებენ და პერმანენტული გაფიცვებით იმუქრებიან. „ფოლკსვაგენი“ ხმაურიან სკანდალში 2015 წელს გაეხვია, როდესაც კომპანია გამონაბოლქვის შესახებ მონაცემების ფალსიფიცირებაში ამხილეს. „დიზელ გეიტის“ სკანდალი კომპანიას 30 მილიარდი ევრო დაუჯდა, რაც კომპენსაციის სახით გადაიხადა. გარდა ამისა, კომპანიის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგა. გარდიანის სტატიაში ნათქვამია, რომ „კრიზისის შექმნაში ექსპერტთა ნაწილი გერმანიის მთავრობას ადანაშაულებს, რომელმაც ეკოლოგიური საკითხი წამოწია წინ, ენერგომატარებლების ფასი გაზარდა და ბიუროკრატია არ შეამცირა, თუმცა ექსპერტები მწვავედ აკრიტიკებენ კომპანიის ხელმძღვანელობასაც არასწორი მენეჯმენტის გამო.
