საპარლამენტო უმრავლესობა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს ეხმიანება
საპარლამენტო უმრავლესობა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს ეხმიანება. გივი მიქანაძის განცხადებით, არაოფიციალური წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას წარუდგინა აბსურდულია. მიქანაძის თქმით, დასკვნა განსაკუთრებით უსაფუძვლოა, იმ ფონზე, როცა რამდენიმე ენჯეო ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების პოლარიზება. ანგარიშში არაფერია ნათქვამი, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში NDI-ის მიერ ზაფხულის პერიოდში ოპოზიციური სპექტრისთვის დაორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრების თაობაზე; ე.წ. დემოკრატიული ფესტივალის ღონისძიებებზე, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებისა და ამ უკანასკნელის პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ გაწევრიანების თაობაზე.
