დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავებას გამოეხმაურა
„დუროვი რუსეთიდან არ უნდა წასულიყო. ის უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს არ ირჩევენ“,- ასე გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საფრანგეთში სოციალურ პლატფორმა „ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავებას. „მან ჩათვალა, რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა „მსოფლიოს მოქალაქე“ ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა“,- წერს მედვედევი სოციალურ ქსელში. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის სპეც სამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს, სადაც აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. გამოძიება ფოკუსირებულია „ტელეგრამში“ მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც კრიმინალურ აქტივობებს უხსნიდა გზას. დუროვი შესაძლოა ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში დაადანაშაულონ. პაველ დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. საფრანგეთის მოქალაქეობა მან 2021 წელს მიიღო.
